ფეხბურთი

12:37 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: "არ მინდა ჩაბი ალონსოს რეაქციაზე კომენტარის გაკეთება, ალბათ რევანში სურთ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ „მილანთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „როსონერის“ დასამარცხებლად თითქმის სრულყოფილი თამაშის ჩატარება იყო საჭირო, რაც მისმა გუნდმა მოახერხა.

„მილანის“ დასამარცხებლად ბრწყინვალება იყო საჭირო, თითქმის სრულყოფილება. საჭირო იყო დიდი გული. 10 ფეხბურთელითაც ინტენსიური და ჭკვიანური თამაში ვაჩვენეთ. ამ გუნდის მწვრთნელობა საამაყოა. „რეალიც“ კეტავს თამაშს და თავს იცავს, ჩვენც ეს საჭიროებისამებრ ძალიან კარგად გავაკეთეთ. ბოლო 15 წუთის გარდა, პრობლემა არ გვქონია. ვფიქრობ, თანაბარი ორმატჩიანი დუელი იყო, წინა წლებში „მილანი“ თითქმის ყოველთვის გვამარცხებდა.

იტალიური ფეხბურთის დონე მაღალია. ალბათ, ჩვენ წარსულის მოგონებები გვახსოვს, როდესაც ყველაზე ძლიერები ვიყავით, ახლა ასე აღარ არის, მაგრამ რამდენიმე წელია ევროტურნირებზე რამდენიმე გუნდით ბოლომდე მივდივართ. ცოტა უფრო რაციონალურები უნდა ვიყოთ: არ შეიძლება ბალახი ყოველთვის მწვანე იყოს. იდეებით და საინტერესო ფეხბურთით ძლიერ მოთამაშეებს ყოველთვის სურთ იტალიაში სათამაშოდ ჩამოსვლა.

ჩაბი ალონსომ „რომას“ ნახევარფინალში გასვლა იზეიმა? როგორც ფეხბურთელი, ძალიან ელეგანტური და ჭკვიანი იყო. მირჩევნია, კომენტარი არ გავაკეთო, მას დიდ პატივს ვცემ. ალბათ, კმაყოფილები იყვნენ, რადგან შარშან „ლევერკუზენი“ დავამარცხეთ ნახევარფინალში და რევანში სურთ“, - თქვა დე როსიმ.

შეგახსენებთ, „რომა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედაა და როგორც ახლა, მაშინაც „ლევერკუზენს“ შეხვდა. 1 წლის წინ გამარჯვებული იტალიური გუნდი გამოვიდა ხსენებულ დუელში - ორი მატჩის ჯამში 1:0.

რაც შეეხება ჩაბი ალონსოს რეაქციას, "ლევერკუზენის" მწვრთნელი თავის ასისტენტთან ერთად ტელეფონში უყურებდა "რომა" - "მილანის" მატჩის ბოლო წუთებს და რომაელთა გამარჯვება აღნიშნეს.

0.117594