კალათბურთი

1:41 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა სეზონი შესანიშნავად დაასრულა: სანდრო "სან ანტონიოში" საუკეთესო იყო (+VIDEO)

NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, რომლის ბოლო ტურში „სან ანტონიომ“ „დეტროიტ პისტონსი“ 123:95 დაამარცხა, სანდრო მამუკელაშვილს კი ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

ბოლო მატჩებში ქართველი კალათბურთელის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან შანსი დიდებულად გამოიყენა, ყოველთვის გამორჩეული იყო პარკეტზე. სანდრო ამჯერად თანაგუნდელთა შორის საუკეთესო გამოდგა.

მამუკელაშვილმა 26 წუთში 18 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სანდრომ 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი ქულებით მხოლოდ „დეტროიტის“ წევრ ჯეიმს ვაისმანს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულით დაასრულა შეხვედრა.

„სან ანტონიომ“ ამ მოგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო პოზიციას თავი დააღწია. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 22 მოგებით და 60 წაგებით მე-14 ადგილი დაიკავა, თუმცა ბუნებრივია, რომ პლეი-ოფში ვერ მოხვდა.

რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „ორლანდო მეჯიქმა“ „მილუოკი ბაქსი“ 113:88 დაამარცხა.

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მხოლოდ 4 წუთით მიეცა, მან კი, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა თითო ორქულიანი და სამქულიანი ისროლა არაზუსტად.

„ორლანდომ“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 47 მოგებით და 35 წაგებით მეშვიდე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის საგზურისთვის პლეი-ინში იბრძოლებს.

0.119842