კალათბურთი

10:25 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი მატჩი და მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - სანდრომ იოკიჩის წინააღმდეგ იფრინა (+VIDEO)

სანდრო მამუკელაშვილმა იფრინა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. თანაც ეს ქართველმა ფორვარდმა NBA-ს მოქმედ ჩემპიონთან და ორგზის MVP-ის, ნიკოლა იოკიჩის გუნდთან – "დენვერ ნაგეტსთან" მოახერხა. რაც მთავარია, სანდროს გუნდმა მატჩი, რომელიც ტეხასში გაიმართა, ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში 121:120 მოიგო.

არადა, "დენვერს", რომელიც დასავლეთ კონფერენციის მოსაგებად იბრძვის, რათა პლეი-ოფში შესაძლო ოპონენტებთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს, გამარჯვება ძალიან უნდოდა. "სან ატონიო" კი იმავე დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და მასთან კოლორადოელებს ალბათ გასეირნებით მოგება ჰქონდათ დაგეგმილი.

გაბარჯვებულთა გუნდში NBA-ს ამომავალმა ფრანგმა ვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ საოცარი მატჩი ჩაატარა, რასაც მამუკელაშვილის უძლიერესი თამაშიც დაერთო და "სან ანტონიომ" უდაძაბულეს დაპირისპირებაში იმარჯვა.

იმ საოცარი გაქცევის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, რამაც "სპურსს" 23-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილებინა, ვემბანიამასთან ერთად მამუკელაშილიც იყო. ჩამორჩენის გაბათილების შემდეგ ტეხასელებმა დაცვაში მაგრად ითამაშეს და ბოლო 1:19 წუთში დენვერელებს ბურთი არ ჩააგდებინეს.

იოკიჩი, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021 და 2022 წლების MVP-ია, გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სერბმა კალათბურთელმა 39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 22 ქულა, 7 მოხსნა, 12 პასი მოაგროვა და ორმაგი დუბლიც შეასრულა. ბევრად სასარგებლო იყო ვემბანიამა – 34 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი.

რაც შეეხება მამუკელაშვილს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სეზონში მესამედ ითამაშა ძირითად ხუთეულში, მან პარკეტზე ამჯერად 30 წუთი გაატარა და საოცარ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სანდრომ აღნიშნულ დროში 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა და ორმაგი დუბლი მიითვალა.

მამუკელაშვილმა მატჩის შემდეგ ერთ ეპიზოდზე გააკეთა საინტერესო კომენტარი, რომელიც პირველ ნახევარში მოხდა. "დენვერელმა" აარონ გორდონმა უხეშად ითამაშა ვემბანიამაზე, რომელიც ფიცარნაგზე დაეცა, მსაჯებმა კი ჯარიმა არ დააფიქსირეს. ამ ეპიზოდზე მამუკელაშვილმა თქვა:

“იცით რამ მომცა დამატებითი მოტივაცია? როცა ვემბა მოედანზე დაეცა და გორდონი მას ზემოდან დაჰყურებდა. იმ დროს მოედანზე არ ვიყავი, თორემ ტექნიკურ ჯარიმას მივიღებდი. კარგია, რომ სკამზე ვიჯექი, რადგან არ მაქვს ჯარიმისთვის გადასაყრელი 25 ათასი დოლარი”.

მამუკელაშვილმა 30 წუთში თამაშიდან ფარის მიმართულებით 14-ჯერ ისროლა. სანდრომ 9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

გამარჯვების ბურთი მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ტრე ჯონსმა ჩააგდო. თავის მხრივ, "სან ანტონიომ" გუნდის ანტირეკორდი თავიდან აირიდა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში 20 მოგებასა და 62 მარცხს შეადგენდა.

"დენვერთან" გამარჯვება "სფურსისთვის" მიმდინარე სეზონში 21-ე იყო. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას სანდრო და მისი თანაგუნდელები, 14 აპრილს, ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის (14 მოგება, 67 მარცხი) მქონე "დეტროიტთან" ჩაატარებენ.

0.125154