ფეხბურთი

22:57 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორი მატჩი გოლების გარეშე. ლიდერი ისევ „იბერიაა“

დღეს, 12 აპრილს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე უგოლოდ დასრულდა.

პარასკევის სათამაშო დღის გვიან მატჩში „დილამ“ „ბათუმს“ უმასპინძლა და ერთ ქულას დასჯერდა ისევე, როგორც სტუმრები. თუმცა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა.

ორივე გუნდმა თამაში კაცნაკლულმა დაამთავრა. მე-19 წუთზე ერთმანეთისკენ გორელმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა და ბათუმელმა ლევან კუტალიამ გაიწიეს, პარტნიორები მათ დაწყნარებას ცდილობდნენ, შედეგად არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ორივე გააძევა.

ამრიგად „ბათუმმა“ 19 ქულა მოაგროვა და „იბერიას“ დაეწია, თუმცა თბილისელებს ბურთების უკეთესი ბალანსი აქვთ და ისევ ლიდერებად დარჩნენ.

„დილას“ 17 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

მანამდე თბილისის „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ასევე უგოლოდ დაშორდა.

ახლა „დინამომ“ 8 მატჩის შემდეგ 9 ქულა მოაგროვა, მე-7 ადგილზე დგას და გასავარდნ ზონას სამი პუნქტით უსწრებს. ამდენივე ქულა აქვთ „კოლხეთს“ და „თელავს“ თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის კვალად მე-5-6 ადგილებს ინაწილებენ.

მე-8 ტური: სამტრედია – თელავი 1:2, იბერია – გაგრა 3:1, ტორპედო - სამგურალი 3:1, დინამო - კოლხეთი 0:0, დილა - ბათუმი 0:0.

0.106232