ფეხბურთი

19:26 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგის მწვრთნელი: "საქართველოსთან წაგება ყველაზე მწარე აბია, ბევრი უსამართლობა მოხდა"

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა.

ლუქსემბურგელი სპეციალისტი წაგებას ისევ მსაჯს აბრალებს და თქვა, რომ საქართველოში ბევრი უსამართლობა მოხდა, რასთანაც შეგუება ძალიან უჭირს.

„საქართველოში წაგება ყველაზე მწარე აბია, რომელიც ცხოვრებაში დღემდე მიმიღია. არა შედეგის გამო, არამედ გზის, რომლითაც დავმარცხდით. ვაღიარებ, რომ პირველი ტაიმი ჩვენი პოტენციალის დონეზე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ არსებობს წესები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. რატომ არ დაუძახა VAR-მა მსაჯმა მიკა პინტოს წინააღმდეგ ჯარიმაზე 36-ე წუთზე? ვსაუბრობ ჯარიმაზე, რომელიც წითელი ბარათით უნდა დასჯილიყო და შემდეგ 11 10-ის წინააღმდეგ ნამდვილად სხვა თამაში იქნებოდა. შემდეგ გაგვიუქმეს გოლი მაქსიმ შანოს მხრიდან ჯარიმის გამო, რომელიც გააძევეს, მაგრამ მანამდე ლორენ იანსს მაისურით იჭერდნენ. ძალიან ბევრი უსამართლობა იყო და სწორედ ეს მტკივა.

მერჩივნა 0:4 წაგება, მაგრამ ასეთ წაგებასთან შეგუება ძნელია, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური სასწორზე იდო. ფეხბურთელებს სჯეროდათ, რომ შეეძლოთ ევრო 2024-ზე გასვლა და მათთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო. ზოგიერთი წნეხს გრძნობდა, რადგან თბილისში ასეთ ატმოსფეროში თამაში ადვილი არ იყო. ასევე გვაკლდა სინანი, რომელიც ბურთით ძალიან ძლიერია და მოედნის ბოლო 30 მეტრში ძალიან ეფექტიანია. მის გარეშე ჩვენი ავტომატიზმები არ იყო იგივე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს კვარა აკლდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ყოველთვის წინ ვიხედები, თუმცა ამ გვერდის გადაშლა ნამდვილად რთულია, მიუხედავად იმისა, რომ დღითიდღე განწყობა გაუმჯობესდა. ამ თამაშის შემდეგ ყაზახეთი 2:1 დავამარცხეთ შესანიშნავი პირველი ტაიმის წყალობით და ეს დაგვეხმარა.

ცოტა ხნის წინ თურქეთთან სტუმრად 3:3 ვითამაშეთ. დორტმუნდში 80 ათასი გულშემატკივრის წინაშე მათთან თამაში ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო. ამიტომ, კიდევ უფრო ძნელია შეგუება, რომ კვალიფიკაცია ვერ შევძელით“, - თქვა ჰოლტცმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი პლეი-ოფის ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2:0 დაამარცხა.

0.142157