ფეხბურთი

23:20 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "26 მარტი შემოტრიალების წერტილად უნდა მოვნიშნოთ"

ქართველმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ და საქართველო დღეიდან მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის მოლოდინით იცხოვრებს.

„რამდენიმე დღის შემდეგაც, არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა. ფეხბურთში ბევრის მნახველ ადამიანებს თითქოს ემოციები ისე მძაფრად აღარ უმუშავებთ, როგორც გულშემატკივრობის თუ თამაშის პირველ პერიოდში. ჩვენც ბევრი გვინახავს, ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემატკივარი და ბევრჯერ გვიგრძვნია ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის პასუხისმგებლობა, მაგრამ ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია, არაფერს ჰგავს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, ყოველი დილა და ღამე იმის ფიქრით დაიწყება და დამთავრდება, როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა, ემოციები და დიდი საფეხბურთო ფორუმი, საყვარელ გუნდთან ერთად. ეს გამარჯვება მხოლოდ მოგონებად და ლამაზ თარიღად არ უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ეს მომენტი ყველამ უნდა გამოვიყენოთ, გადავაფასოთ მიმდინარე თუ წარსულში მომხდარი ამბები, 26 მარტი შემოტრიალების წერტილად უნდა მოვნიშნოთ, ყველგან და ყველასთან, სადაც რესურსი და სურვილია, ეს ენერგია ერთობისკენ მივმართოთ. გუნდთან ერთად, მინდა კობის და იაშკას პირადად მივულოცო ეს წარმატება. ვიცი, რამდენს ნიშნავდა მათთვის ფინალი, ეს პერიოდი და მთელი ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარეს.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, მოზარდები, მომავალი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებენ. ისტორიები, რომელსაც ისმენდნენ აღარ დაუკავშირდება მხოლოდ წარსულს და უკვე ჰყავთ ამ ამბის შემოქმედი, მისაბაძი ფეხბურთელები და გუნდი, ვის მაგალითზეც ხვალ გაიზრდებიან. ახალი კვირა, ახალი თვე და 74 დღე ევროპის ჩემპიონატამდე! მე ვარ საქართველო“, - დაწერა სოციალურ ქსელში არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112945