ფეხბურთი

23:00 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ქამბექი "ტორპედოსთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ ქუთაისის „ტორპედო“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი მესამე წუთზე ონორე გომისის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი სტივ კინის გუნდმა მოიგო. 28-ე წუთზე ფელიპე პირესმა გაათანაბრა, ხოლო ტაიმის მიწურულს ბიორნ იონსენმა პენალტით „ტორპედო“ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პენალტი გიორგი არაბიძემ დაარტყა, რომელსაც როინ კვასხვაძემ აჯობა. თუმცა, მეკარეს ხაზზე არ ედგა ფეხი, რის გამოც პენალტი განმეორდა და ბურთთან მეორედ არაბიძე აღარ მივიდა, იონსენმა კი ზუსტად დაარტყა.

„ტორპედო“ 86-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ ბოლოს უპირატესობა დაკარგა. ჯერ პედრო მონტეიროს ავტოგოლით გათანაბრდა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ზუსტი პენალტით ბათუმელებმა 3:2 მოიგეს.

„დინამო ბათუმი“ უდანაკარგოდ, 15 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „ტორპედოს“ მხოლოდ 6 ქულა აქვს, შემდეგ შეხვედრას კი, ფოთის „კოლხეთთან“ გამართავს.

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 3:2 (1:2)

გოლები: 1:0 გომისი (3), 1:1 პირესი (28), 1:2 იონსენი (41, პენ), 2:2 მონტეირო (86, ა.გ), 3:2 მამუჩაშვილი (97, პენ)

0.106098