ფეხბურთი

17:17 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩემთვის ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე დიდი წარმატებაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

„მე მყავს 4-5 ძალიან კარგი ფეხბურთელი, როგორიცაა კვარაცხელია, რომელსაც ყველა იცნობს, ასევე კიტეიშვილი ან მამარდაშვილი, ჩვენი მეკარე. თუმცა, როცა მე ნაკრებში მივედი, ის საქართველოში მეორე-მესამე მეკარე იყო, შემდეგ ესპანეთში შანსი გამოიყენა და გაიბრწყინა. ასევე გვყავს დავითაშვილი და ქოჩორაშვილი, რომელიც ძალიან მომწონს. ფეხბურთელებმა პროგრესი განიცადეს. თუმცა ზოგი თამაშობს პოლონეთში, საბერძნეთში, კვიპროსში და ჩვენ ამბიციებთან მიმართებაში რეალისტები უნდა ვიყოთ.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა მითხრეს, რომ გერმანიაში ტურისტებად არ წავიდოდნენ, რაც უკვე კარგია. მათ სურთ საკუთარი თავის წარმოჩენა. ჩვენ ვიქნებით პატარა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ პატარა გუნდივით არ მოვიქცევით, მოგვიწევს ამბიციურებიც ვიყოთ. 2021 წელს, როცა გუნდში მოვედი C ლიგაში ვიყავით, ახლა B ლიგაში ვართ. წარმოდგენა არ მაქვს ამ წარმატებას ჩემს მომავალზე თუ შეუძლია გავლენის მოხდენა, კონტრაქტი 2024 წელს მეწურება და ჯერ საქართველოდან არ წავსულვარ, ევრო 2024-ზე ვფიქრობ.

ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა მოხდა. საფეხბურთო კარიერაში ბევრი სიხარული მქონია, მაგრამ ეს განსხვავებულია, მწვრთნელის რანგში სხვანაირია. ემოციურად ალბათ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას თუ შევადარებ, მაგრამ ეს უფრო დიდი გამარჯვებაა“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

0.11415