უეფა განიხილავს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის გუნდების განაცხადი 26-კაციანი იყოს თუ არა.
The Athletic-ის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება მზადაა ეს საკითხი განიხილოს და საბოლოო გადაწყვეტილება 8 აპრილს გახდება ცნობილი.
ევრო 2020-ზე (2021 წლის ზაფხულში) კორონავირუსის პანდემიის გამო უეფამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და გუნდების განაცხადი 26-კაცამდე გაზარდა. ეს კვოტა 2022 წლის მუნდიალზე ფიფამაც შეინარჩუნა.
ამჟამად, ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადი 23-კაციანი უნდა იყოს, მაგრამ წყაროს თანახმად, საკითხს განიხილავენ და 8 აპრილს, ყველა მონაწილე ნაკრების წარმომადგენელთა სემინარზე უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
„8 აპრილს გაიმართება სემინარი მონაწილე გუნდებთან და ამასთან დაკავშირებით უეფა მოისმენს მწვრთნელების მოსაზრებებს. ნებისმიერი იდეა განიხილება და შეფასდება“, - თქვა უეფას პრესსპიკერმა.
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს, შესაბამისად, რამდენკაციანი იქნება გუნდების განაცხადები, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.