სუპერლიგის მე-14 ტური, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში უნდა გამართულიყო და სანაკრებო ფანჯრის გამო გადაიდო, ახლა ჩატარდა.
თბილისსა და გორში გამართული 2 მატჩით ეს გადადებული ტური დასრულდა. თბილისი არენაზე რაშმა გაუ-ს უმასპინძლა და კარგად ჩატარებული მეორე ნახევრის წყალობით 86:73 (სტატისტიკა) იმარჯვა.
გაუ-ს პლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვს და ახლა იმისთვის იბრძვის, რომ ცხრილში რაც შეიძლება, მაღალი ადგილი დაიკავოს, რომ პლეი ოფში შედარებით კომფორტულად იყოს. რაც შეეხება რაშს, ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში დარჩენის საკითხი თითქმის დადებითად აქვს გადაწყვეტილი და პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ყოველ შემთხვევაში, ეს გამარჯვება ლიგაში დარჩენისკენ გადადგმული კიდევ ერთი, მოზრდილი ნაბიჯი იქნებოდა.
რაშმა მოისაკლისა ერიკ ფრედერიკი, გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირი, რომელიც განაცხად არ იყო. თუმცა მის გარეშე რაშმა უკეთესად ითამაშა. გუნდის შეტევები უფრო მრავალფეროვანი იყო და კალათბურთელები ქულებს როგორც სწრაფი შეტევებით, ისე შორი და საშუალო დისტანციიდან სროლებით ითვლიდნენ. გაუ-ც არ იყო ჯაბანი და პირველ ტაიმში მეტოქეს თანაბრად ებრძოლა. მესამე პერიოდიდან რაშის უპირატესობა გამოიკვეთა, რომელიც ნელ-ნელა, მეთოდურად მიდიოდა გამარჯვებამდე და მიზანსაც მიაღწია.
გამარჯვებულებს სამმაგი დუბლით ენტონი ელსტონმა ულიდერა – 16 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. 18 ქულა მოაგროვა ევან მილიგანმა, 17 – იგორ ჩუმაკოვმა. გაუ-ს შემადგენლობაში ენდრიუ ლუისს ჰქონდა 16 ქულა. 15 ქულა მაიკლ რაითმა მიითვალა.
ტურის ბოლო შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ცხრილში გვერდი-გვერდ მყოფი ივერიონი და ბათუმი შეხვდნენ. ორივე გუნდს 6 მოგების წილ 10 მარცხი ჰქონდა და შესაბამისად, გამარჯვებას თითოეულისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დაძაბულ ბრძლაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ: ბათუმმა 73:66 (სტატისტიკა) იმარჯვა და ცხრილში რაშს გადაასწრო.
ზღვისპირელთა გუნდში საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი – 19 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი. 14 ქულა ვახტანგ ქადარიამ მიითვალა, მარკის ვილსონმა – 13 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი. ივერიონში 15 ქულით ბომბარდირი კვენტინ ჰარდრიქტი გახდა. 13 ქულა მიითვალა მეთიუ ნორმანმა.
სუპერლიგის მომდევნო, მე-20 ტური 30 და 31 მარტს – ზესტაფონში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
gbf.ge