საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის შესარჩევ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
რამაზ სვანაძის გუნდი სტუმრად ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტარს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებია.
ანგარიში 22-ე წუთზე ლაშა ოდიშარიამ გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ამრიგად, სვანაძის გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 6 მატჩში 13 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, რაც პლეი-ოფში თამაშის შესაძლებლობას იძლევა. მესამე ადგილზეა შვედეთი, რომელსაც 10 ქულა აქვს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან ჩაატარებს.
გიბრალტარი - საქართველო 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ოდიშარია (22), 0:2 კვერნაძე (75, პენ)