საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ქართველმა მცველმა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეხვედრის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს შემდეგნაირად უპასუხა:
„მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ თამაშს, ყველას გაცნობიერებული აქვს ის, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მოედანზე. გუნდში ძალიან ამაღლებული განწყობაა, ძალიან მოტივირებული ვართ, მეტი რომ არ შეიძლება და მოკლედ, ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის.
ძალიან ვამაყობ ამ ნაკრებში თამაშით, რომელსაც ამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ამ ნაკრებს გამარჯვების მენტალიტეტი აქვს და მოგება რომ შეუძლია, ეს ბევრჯერ დაუმტკიცებია. ბევრი პრობლემები იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და დარჩენილია უბრალოდ მოედანზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად მოქმედებს ის ფაქტიც, რომ ამდენ ხალხს უნდა სტადიონზე მოსვლა, დარწმუნებული ვარ, მილიონი ბილეთიც რომ ყოფილიყო, ყველა გაიყიდებოდა და ეს ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს.
ორივე ფინალისტი ერთნაირ მდგომარეობაშია, არ აქვს იმას მნიშვნელობა, რომ წინა პლეი-ოფში ნახევარფინალი ერთი თვით ადრე გვქონდა, ხოლო ფინალი ერთი თვის შემდეგ. მთავარია, რომ აღდგენა მოასწრო და მოემზადო მაქსიმალურად, ბევრი ინფორმაცია გქონდეს მეტოქეზე, რაც ორივე გუნდს აქვს.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მაყურებელი და კვარაცხელია არ გვყავდა, თუ რამხელა ძალაა ორივე ეს ფაქტორი, ლაპარაკი არც ღირს. დიდი ხანია ნაკრებში ვთამაშობ და ეს შემადგენლობა, რაც დღესაა, ულაპარაკოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. შეიძლება ამ ემოციების დადებითად გამოყენება, ყველა პროფესიონალი ვართ და ეს ემოციური დღეები, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს.
ლუქსემბურგთან სტადიონზე ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო, მთელი თამაშის განმავლობაში მღეროდნენ და მათი მადლიერი ვართ. გულშემატკივარს ვერც ვერაფერს ვთხოვთ, რადგან დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტს გააკეთებენ, რაც ლუქსემბურგთან იყო. ყველაფერი იყო იდეალურად და ამჯერად უფრო მაგრად იქნება“, - თქვა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.