ფეხბურთი

23:35 | 21.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკ ჰოლტცი: "ჩვენთვის გაუგებარია მსაჯის გადაწყვეტილება, ყველაფერი ამ მომენტმა გადაწყვიტა"

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ლუქსემბურგელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა, საქართველოს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ ყველაფერი მსაჯს დააბრალა:

„პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით, პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის მიხედვით დამსახურებული იყო. თუმცა, სრულიად არ მესმის, რის საფუძველზე იმოქმედა მსაჯმა გადამწყვეტ მომენტში, რადგან თავიდან ჩვენს მცველზე მიქაუტაძე ჯარიმდებოდა და შემდეგ გოლი გავიტანეთ, მსაჯმა კი წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. მან მეორედ იმსაჯა ჩვენი თამაში და ორივე შემთხვევაში ეს მსაჯი კატასტროფა იყო.

ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში განსაკუთრებული იყო, ვულოცავ ამ გამარჯვებას. პირველ ტაიმში განსაკუთრებით იგრძნობოდა, რომ ჩვენს ფეხბურთელებზე ასეთ ატმოსფეროში თამაშმა იმოქმედა და წნეხის ქვეშ იყვნენ, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა, ბევრად უკეთ ვთამაშობდით, იმ მომენტამდე, რომელზეც უკვე ვისაუბრე.

მსაჯის ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის რთული იყო. ვიდეოასისტენტმა გადაწყვიტა, რომ ჯარიმა მიქაუტაძეზე იყო და არაფერი დააფიქსირა 2 წამით ადრე მომენტზე, როცა ქართველი არღვევდა თამაშის წესებს. ჩვენთვის რთულად მისაღები და გასაგებია ის, თუ როგორ მოქმედებს ვიდეორეფერი გადამწყვეტ მომენტებში.

პირველ ტაიმში ყველაფრით უკმაყოფილო ვიყავი, განსაკუთრებით ჩვენი სათამაშო ტემპით. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ, კარგად ვითამაშეთ, გაძევების შემდეგაც, მაგრამ მეორე გოლით ყველაფერი დასრულდა, რაც გაძევებამ განაპირობა და მსაჯმა ამ გაძევებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩემი აზრით, გოლი რომ ჩათვლილიყო, სულ სხვანაირ თამაშს ვიხილავდით, შესაბამისად, ძალიან ვწუხვარ, მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა", - თქვა ჰოლტცმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან 2:0 გაიმარჯვა და ფინალში 26 მარტს, ისევ "დინამო არენაზე" ითამაშებს.

0.114921