ფეხბურთი

16:51 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი საქართველოს"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდი მოტივირებულია და ამ თამაშებს განსაკუთრებით ელოდებოდნენ. ფეხბურთი საქართველოს აერთიანებს და ყველა მოთამაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს.

"ამ თამაშებს დიდი ხანი ველოდით და ერთმანეთის ნახვა ყველას განსაკუთრებით გვიხარია. ამ ეტაპზე ჩვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების ჩატარება გვიწევს. შემართება და განწყობა ძალიან კარგია, ნაკრებში ამის პრობლემა არც არასდროს ყოფილა. ამ თამაშისთვის გაასმაგებულად ვემზადებით, რათა ოცნება ავიხდინოთ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაქვს“

ბოლო პერიოდში ლუქსემბურგს პროგრესი აქვს და რთულ თამაშს ველოდებით. დრო ცოტაა, ტაქტიკაზე საუბარი დღეს და ხვალ იქნება, მაგრამ საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია და ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ.

ჯაბას დაბრუნება განსაკუთრებულია. პირადად ჩემთვისაც ჯაბა ყოველთვის იყო და არის მისაბაძი მაგალითი თავისი ხასიათით, სათამაშო ჟინით და რა თქმა უნდა, მისი გუნდში ყოფნა, ჩვენთვის განსაკუთრებული ძალაა. დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს.

ამ თამაშს მთელი ქვეყანა ველოდებოდით და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი საქართველოს. მადლობა, ვინც გვქომაგობს და უნდა, რომ მოვიგოთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ და ამით შევძლებთ წარმატების მიღწევას.

ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. ფეხბურთეს თან ახლავს ეს და ფეხბურთელს ეს გაანალიზებული აქვს. როდესაც თამაში ახლოვდება, წნეხი მატულობს, მაგრამ ვემზადებით, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მზად არის ამ კონკრეტული შეხვედრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს წნეხი დავძლიოთ და ის პასუხისმგებლობა სწორი კუთხით გადავიტანოთ მოედანზე და ჩვენი თავის საუკეთესო მხარები წარმოვაჩინოთ“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, 21:00 საათზე, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

0.114926