ფეხბურთი

19:51 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენ, ქართველები!

„ჩვენ, ქართველები...“ ამ სიტყვებით იწყებს მერაბ კოსტავა თავის ცნობილ და აწ უკვე უკვდავ გამოსვლას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართველები მხოლოდ მაშინ ვერთიანდებით, როდესაც რაიმე ეპოქალური საფრთხე გველოდება და უკვე ყოფნა-არყოფნაზეა საქმე მიმდგარი. მადლობა ღმერთს ახლა მსგავსი საფრთხე ალბათ არ მოგველის, მაგრამ გავკადნიერდები და ამ ტექსტს მეც მერაბის სიტყვებით დავიწყებ. ზოგჯერ უბრალოდ ჯობია დაიოკო ამბიცია და სხვის გაკვალულ გზაზე იარო. თან იმასაც ხომ გააჩნია ვის გაკვალულზე...

ჩვენ, ქართველები უცნაური ხალხი ვართ. ამის შესახებ უამრავ მტერ-მოყვარეს დაუწერია ისტორიულ დოკუმენტებსა თუ სამოგზაურო ჩანაწერებში და განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი, რომ ეს უცნაურობა ბევრ რამეში გამოიხატება. აი მაგალითად ავიღოთ ცნობილი ქართული თავმოყვარეობა, თავმომწონება და „კუდის ყავარზე გადება“. ათწლეულების მანძილზე მინიმუმ კავკასიაში მაინც ქართული ფეხბურთი უპირველესი იყო და ამას ყველა აღიარებდა. რომც არ ეღიარებინათ, განა თვალნათელი არ იყო ჯერ ჩვენებურ ფეხბურთელთა დიადი სახელების შთამბეჭდავი ჩამონათვალი და მერე ის მიღწევები რაც საქართველოს მასშტაბის ციცქნა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ჰქონდა?! ამაზე ვფიქრობ არავინ დავობდა.

სწორედ მიღწევების და გამორჩეული ფეხბურთელების გაზრდის გამო საფეხბურთო მხრივ ჩვენმა თავმომწონებამ ზენიტს უწია, მაგრამ ამ ბოლო 30 წლის მანძილზე რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ხალხი და ქვეყანა სულ სხვა კუთხით წარმოაჩინა. როდესაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ევროსარბიელზე სამარცხვინო გამოსვლის პარალელურად სხვადასხვა ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ კი სომხეთის კლუბები (დიდი პატივისცემა ამ ორივე ქვეყნის ფეხბურთს) გავიდნენ, მეგონა ქვეყანას შევძრავდით, ერთ ამბავს ავტეხდით - ყველამ ჩვენ როგორ გვაჯობაო, მაგრამ ისე გავჩუმდით და ჩავიფერფლეთ, როგორც ყველაფერზე თვალის დამხუჭველ ბეჩავ ხალხს შეშვენის. ეს სიჩუმე და სიბეჩავე, სიმართლე რომ ვთქვათ, სულ მაბრაზებდა, რადგან მუდმივად თავმოყვარეობასა და ღირსებაზე მოსაუბრე ხალხისგან ხმის არამოღება კარგზე არაფერზე მეტყველებს. ამათთან ერთად, არასოდეს გაცემულა პასუხი კითხვაზე - რა გვჭირს? აქვე ისმევა მეორე კითხვაც - როდემდე?

სწორედ ეს ჟამი - 2024 წლის მარტი და საქართველოს ნაკრების ორი (იმედია ორი) თამაში გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე და იმასაც გავიგებთ, უეფას მიერ ერთა ლიგის შექმნით მოძღვნილი საჩუქრის გამოყენებას მეორე ცდაზე მაინც თუ შევიშნობთ. განგება და უეფა საჩუქრებს ხშირად არ იძლევიან. მით უმეტეს ასეთ მოკლე შუალედში და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ლუქსემბურგის, ყაზახეთის თუ საბერძნეთს ნაკრებების შესაძლებლობებზე, რატომღაც მგონია, რომ ეს შანსი სწორედ ჩვენთვის არსებობს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლით კი ყველაზე მეტად ის მინდა რომ შელახული თავმოყვარეობა დავიბრუნოთ. თავმოყვარეობა და ღირსება, რომელიც ქართველს და ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ჰქონდა და შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში სწორედ ფეხბურთი და „დინამოს“ წარმატებები ითვლებოდა ქვეყნის ერთიანობის და ერის იდენტობის ერთ-ერთ სიმბოლოდ. არც ისაა შემთხვევითი, რომ პირველყოვლისა ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული საკლუბო გამოსვლის შემდეგ საქართველოში ხალხმა ისევ დაიწყო ბავშვების ფეხბურთზე მიყვანა და ფეხბურთისკენ ისეთი ადამიანებიც კი შემობრუნდნენ, რომლებსაც სპორტის ამ სახეობის გაგონებაც კი აღარ სურდათ. ასე ერთიანი და ასე ერთი სურვილით აღვსილი ჩვენი ხალხი მე დიდი ხანია არ მინახავს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებო, ჩვენო შვილებო და ძმებო! ჩვენო მაგარო ბიჭებო! ძალიან გთხოვთ! გეხვეწებით! არ დაზოგოთ თავი! დაივიწყეთ წარსულის პრობლემები, ყველაფერი, რაც ამ ქვეყნის ხალხს დღემდე ასე გვტკივა და გვაწუხებს! ერთი კვირით ფეხებზე დაიკიდეთ კლუბები და ყველა ევროტურნირი ერთად! უბრალოდ მოინდომეთ, ძალიან მინდომებთ, სული და ჯიგარი ჩადეთ და გაიყვანეთ რუსთაველის და ვაჟა ფშაველას ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე! გვნახოს მსოფლიომ რა ხალხი ვართ და რა შეგვიძლია!

ამას თუ იზამთ, თქვენი სახელი არასოდეს წაიშლება ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან და ეს სიხარული უპერსპექტივობისგან და უილაჯობისგან დაბეჩავებულ ქართველებს სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება!

ჩვენ ქართველები არავისზე ნაკლები ხალხი არ ვართ!

0.115188