ტურინის „იუვენტუსი“ ღრმა კრიზისშია და ბოლო 8 ტურში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება).
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 29-ე ტურში შინ „ჯენოას“ ვერ მოუგო და ნულოვან ფრეს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, „იუვეს“ მწვრთნელი არც გადადგომას აპირებს და თამაშითაც კმაყოფილი დარჩა.
„გუნდი მომეწონა, ეს მნიშვნელოვანი ქულაა, რომელიც მომდევნო 9 მატჩისთვის ბიძგს მოგვცემს. ბოლო 8 მატჩში 7 ქულა? ჩვენ სატურნირო ცხრილში ისევ მესამე ადგილზე ვართ.
სამი შემტევით თამაშს გულშემატკივარი ითხოვს? მე მწვრთნელი ვარ და არა პოლიტიკოსი, რომ ის გადაწყვეტილებები მივიღო, რასაც ხალხი ითხოვს“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 59 ქულით მესამე ადგილზეა და ოთხეულის დაკარგვის საფრთხეც ემუქრება, მაშინ, როდესაც 9 ტურის წინ პირველ ადგილზეც იყო და სერია A-ს ლიდერობდა.