ფეხბურთი

11:32 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო კალცონა: "დრო ცოტაა, ყველა პრობლემის მოსაგვარებლად ჯადოქარია საჭირო"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ინტერთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველა დეტალზე სამუშაოდ დრო არ აქვთ და ყველა პრობლემის მოსაგვარებლად ამ სიტუაციაში ჯადოქარია საჭირო.

„ყველა პრობლემის მოსაგვარებლად ჯადოქარია საჭირო, რადგან ძალიან ბევრს ვთამაშობთ და ცოტა ვვარჯიშობთ. ვცდილობთ დაცვით ფაზას მეტი ყურადღება მივაქციოთ, ვიდრე შეტევას, რადგან ამას მეტი დრო სჭირდება. თუმცა, კარამდე ახლოს მივდივართ, მხოლოდ დასრულება გვიჭირს. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ გვიჭირს შეტევის დაგვირგვინება, დრო ცოტა გვაქვს და ყველაფრის მოგვარება რთულია. 24 დღეში 6 მატჩი გვქონდა, თუ აღდგენის დღეებსაც გავითვალისწინებთ, ტაქტიკურად სამუშაოდ მხოლოდ 6-7 ვარჯიში გქონდა. ჩვენთვის ეს არ არის ალიბი, მაგრამ ობიექტური ფაქტია. დროა საჭირო ყველაფრის დასალაგებლად.

ბევრი საქმე მაქვს და ოჯახთან სალაპარაკოდაც არ მაქვს დრო. პატარა შვილი მყავს, რომელსაც დღეში ერთხელაც ვერ ვესაუბრები. არ მაინტერესებს რას ამბობენ ჩემს მომავალზე, სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2025-წლამდე მაქვს, პირველი მათ გამომიცხადეს ნდობა, ამიტომ მათ პატივს ვცემ.

„ინტერთან“ კარგად ვითამაშეთ, წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრი, რომ აქ ჩამოვიდოდით და არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, რეალურად მხოლოდ 10 წუთი გაგვიჭირდა, მოვახერხეთ გათანაბრება გუნდთან, რომელსაც ზედიზედ 10 მოგება ჰქონდა. გარდა ამისა, მოგებაც ვცადეთ და ეს დამოკიდებული სწორია. დრო ცოტაა ყველა დეტალზე სამუშაოდ, მაგრამ ამ გუნდს ვენდობით და ვბრუნდებით, გუნდი იზრდება და გვინდა, რომ სეზონის ფინალური ნაწილი მაღალ დონეზე ჩავატაროთ“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში 30 მარტს, ბერგამოს „ატალანტას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.114265