ლევერკუზენის „ბაიერი“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია და ევროპა ლიგის მერვედფინალში აზერბაიჯანულ „ყარაბაღთან“ ორჯერ გადაურჩა მარცხს...
ის, რაც ვერავინ შეძლო, თითქმის მოახერხეს აზერბაიჯანელებმა. ერთი კვირის წინ, პირველ მატჩში გურბან გურბანოვის გუნდი „ლევერკუზენს“ 2:0-ს უგებდა და ბოლოს გაუშვა ორი გოლი, რითაც ფრეს დასჯერდა - 2:2. დღეს კი, „ბაი არენაზე“ იგივე მოხდა! „ყარაბაღი“ 58-ე წუთზე დაწინაურდა. 4 წუთში სტუმრებს ფეხბურთელი გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ კიდევ 3 წუთის მერე „ყარაბაღმა“ მეორე გაუტანა ჩაბი ალონსოს გუნდს - 0:2.
დიდი სენსაცია ძალიან ახლოს იყო. „ლევერკუზენმა“ ერთი ბურთი მალევე გაქვითა, მაგრამ სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გერმანიაში მოგებამდე. 93-ე წუთამდე „ყარაბაღი“ იგებდა, „ლევერკუზენი“ სეზონში პირველ მარცხთან ახლოს იყო. თუმცა, სასწაული არ მოხდა: 93-ე და 97-ე წუთებზე პატრიკ შიკმა დუბლი შეასრულა და „ყარაბაღი“ არათუ ვეღარ გავიდა მეოთხედფინალში, დამატებითი დროც არ გახდა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, აზერბაიჯანული გუნდი ქებას იმსახურებს, რომ საოცარ ფორმაში მყოფ გაცილებით ძლიერ მეტოქეს ორივე მატჩში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.
„ლივერპულმა“ პრაღის „სპარტას“ ჯერ კიდევ ჩეხეთში დაუმთავრა ყველაფერი (5:1), ხოლო ამჯერად „ენფილდზე“ 6:1 გაანადგურა. იურგენ კლოპის გუნდი მე-10 წუთზე 3:0-ს იგებდა, მე-14 წუთისთვის 4:0-ს... კლასში სხვაობა უდიდესი იყო.
მეოთხედფინალში ითამაშებს ბერგამოს „ატალანტაც“, რომელმაც ლისაბონის „სპორტინგი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. პორტუგალიაში პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო იტალიაში ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე ბერგამოელებმა ორჯერ გაიტანეს, 2:1 გაიმარჯვეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 3:2 აჯობეს.
უპრობლემოდ გავიდა მომდევნო ეტაპზე „რომა“, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შინ „ბრაიტონი“ 4:0 გაანადგურა და ყველაფერი იქ გადაწყვიტა. ინგლისელებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგეს, მაგრამ დანიელე დე როსის გუნდი მომდევნო ეტაპზეა.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ: „ლივერპული“, „მარსელი“, „რომა“, „ბენფიკა“, „ვესტ ჰემი“, „ატალანტა“, „მილანი“ და „ლევერკუზენი“. წილისყრა 15 მარტს გაიმართება.