ფეხბურთი

18:14 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ნაპოლიმ" კალცონასთან ერთად მოუმატა და 3 ძალიან მაღალი დონის შემტევი ჰყავს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ფრანჩესკო კალცონამ „ნაპოლი“ გააუმჯობესა და ეს გუნდი „ბარსას“ ძალიან ჰგავს.

„ეს ჩემპიონთა ლიგაა, ჩვენ მზად ვართ, მოტივირებულები ვართ. ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ვყოფილვართ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ამიტომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. გვეყოლება მეტოქე, რომელიც შესაძლოა არ არის საუკეთესო პერიოდში, მაგრამ მას ისეთივე საფუძველი აქვს, როგორც შარშან და ისინი იტალიის ჩემპიონები არიან, ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და გვჭირდება ჯადოსნური ღამე.

„ნაპოლი“ ჩვენნაირია, ახალ მწვრთნელთან ერთად გაუმჯობესდა, ისინი უფრო სოლიდური გახდნენ, დინამიურები არიან, უფრო მშვიდად არიან ამ მწვრთნელთან, მაგრამ ჩვენც კარგად ვართ, მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა. მოედანზე უნდა ვაჩვენოთ ის, რისი გაკეთებაც ვიცი. სტუმრად მათზე უკეთესები ვიყავით, მაგრამ ეს სახლშიც უნდა დავამტკიცოთ.

ბოლო 4 წელია მეოთხედფინალში არ ვყოფილვართ და შეგვიძლია ტენდენცია შევცვალოთ. ტრავმები არის, მაგრამ ეს საბაბი არ უნდა იყოს. მე არ ვარ მთავარი, მთავარი კლუბია, გულშემატკივართა ერთიანობა, რომელმაც ხვალ სტადიონი უნდა გაავსოს.

ეს მატჩი სხვებს არ ჰგავს, საჭიროა ემოციების კონტროლი, მოთმინება შეტევასა და დაცვაში, ჩემპიონთა ლიგაზე დეტალები ქმნიან განსხვავებას და ეს უნდა გავაკონტროლოთ. „ნაპოლი“? ველოდები, რომ ისინი თამამ ფეხბურთს ითამაშებენ, პრესინგს, ბურთის ფლობას ეცდებიან, როგორც ჩვენ, ამიტომ გახსნილი და ლამაზი მატჩი იქნება. მათ მაღალი ხარისხის სამი შემტევი ჰყავთ, ისინი იტალიის ჩემპიონები არიან.

ჩემი აზრით, ფავორიტი არ არსებობს, შანსი თანაბარია, მიუხედავად იმისა, რომ შინ ვთამაშობთ. გულშემატკივრებმა გუნდს მხარი მაქსიმალურად უნდა დაუჭირონ და ჩვენც შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ. ხვალ „კამპ ნოუს“ მსგავსი ატმოსფერო გვჭირდება, ფანებმა ძალა უნდა მოგვცენ და მათ მუხტი უნდა გადმოგვდონ.

„ნაპოლიში“ ბევრი რამ მომწონს, ინდივიდუალისტები, სამივე შემტევი, რომლებიც უმაღლესი კლასის არიან. მათი პრესინგი და დაცვის ხაზი, ისინი შეტევას ყოველთვის ქვემოდან იწყებენ, ეს არის გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს და ჩვენი მსგავსია. კალცონამ გუნდი გააუმჯობესა.

ძნელია ერთი ფეხბურთელის დასახელება, მაგრამ ლობოტკა მომწონს, ის ბურთს არ კარგავს, თავისი გუნდის თამაშს ქმნის. მინდა ის „ბარსელონაში“ მყავდეს, შეუძლია ამ დონის გუნდში თამაში და ისევე განსხვავების შექმნა, როგორც ამას „ნაპოლიში“ აკეთებს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 12 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.118094