საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში „მეცმა“ უშუალო კონკურენტი „კლერმონი“ 1:0 დაამარცხა და გიორგი მიქაუტაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქართველ თავდამსხმელს მეშვიდე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, თავი 33-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა და გარდა ამისა, 3 საგოლე პასიც აქვს (11 შეხვედრაში). ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია მიუხედავად იმისა, 6 თვე სხვა გუნდში თამაშობდა. ვთქვათ ისიც, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ზედიზედ მესამე ტურში შეძლო თავის გამოჩენა.
„მეცმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, 23 ქულა დააგროვა და ჯერ გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზე რჩება, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართულია. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 17 მარტს, სტუმრად „რეიმსს“ დაუპირისპირდება.