მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ლაიპციგთან" თამაშით (1:1) უკმაყოფილო დარჩა.
„ძალიან ცუდი მატჩი იყო, დღეს ცუდად ვითამაშეთ. ჩვენს ქმედებებს აკლდა ინტენსივობა, თითქოს ძალიან ვღელავდით. ფსიქოლოგიურმა ასპექტმა დიდწილად განსაზღვრა ჩვენი მდგომარეობა.
ვითამაშეთ გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა. მათ სწრაფად მიმართეს კონტრშეტევებს და თავიდანვე პრობლემები შეგვიქმნეს. გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარი მეოთხედფინალში გასვლა გახლდათ და ეს გავაკეთეთ.
ეს არ იყო საუკეთესო საღამო ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ბრალს საკუთარ თავზე ვიღებ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ წინ წავედით. ცხადია, თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ზოგჯერ ცუდი თამაში ტურნირიდან გავარდნის წინაპირობაა. მაგრამ მეოთხედფინალამდე მაინც მივედით“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Movistar.
პირველ მატჩში, რომელიც 13 თებერვალს გერმანიაში გაიმართა, „რეალმა" ანგარიშით 1:0 მოიგო. ამრიგად, ესპანურმა კლუბმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.