„სიტი“ - „კოპენჰაგენის“ წყვილში პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო. სასწაული უნდა მომხდარიყო, რომ „ქალაქელები“ ვერ გასულიყვნენ მეოთხედფინალში.
სასწაული არ მოხდა, პეპ გვარდიოლას გუნდი უკვე მე-9 წუთისთვის იგებდა ორბურთიანი უპირატესობით, მერე, პირველი შეხვედრის არ იყოს, დანიელებმა გაიბრძოლეს და ერთი ბურთი გაქვითეს. თუმცა შესვენებადე ჰოლანდმა კიდევ ერთი გაიტანა და ყველანაირი კითხვის ნიშანი მოხსნა. ისევ 3:1 და „სიტი“ მეოთხედფინალშია.
აი, „რეალმა“ კი ცოტა ანერვიულა ქომაგები. თუმცა კლასის ხარჯზე მაინც იძალა. „ლაიპციგი“ უკეთსი იყო, მომენტებიც მეტი შექმნა და ბოლო წუთამდე არ ნებდებოდა. „რეალმა“ კი სტუმრებს მცირე მოდუნება არ აპატია. კროოსმა საკუთარ საჯარიმოსთან ჩაჭრა გერმანელების იერიში, კომბინაცია ბელინგემმა გააგრძელა, იდეალური პასი მისცა საჯარიმოში ვინისიუსს და ბრაზილიელს ატანა არ გასჭირვებია. ეფექტური გოლი გამოვიდა. თუმცა სულ რაღაც სამ წუთში სტუმრებმა გაათანაბრეს ანგარიში. მეტისთვის კი არც ძალა და არც დრო ეყოთ.
ჩემპიონთა ლიგა. საპასუხო მერვედფინალური მატჩები. 7 მარტი
რეალი - ლაიპციგი 1:1 (პირველი მატჩი 1:0)
1:0 ვინისიუსი (65), 1:1 ორბანი (68)
მანჩესტერ სიტი - კოპენჰაგენი 3:1 (პირველი მატჩი 3:1)
1:0 აკანჯი (5), 2:0 ალვარესი (9), 2:1 ელიონუსი (29), 3:1 ჰოლანდი (45+3)