ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა - „ბაიერნი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.
მიუნხენის „ბაიერნს“ „ლაციოსთან“ 0:1 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საკუთარ მოედანზე მოახერხა სასურველი შედეგით მოგება, თანაც ძალიან ადვილად. იტალიურმა კლუბმა „რეკორდმაისტერს“ „ალიანს არენაზე“ ვერანაირი წინააღმდეგობა გაუწია.
თუმცა, ჩირო იმობილეს ერთ მომენტში კი მართებდა ანგარიშის გახსნა, რაც სიტუაციას შეცვლიდა, მაგრამ ვერ გაიტანა. გამოუყენებელი მომენტის გამო რომაელები მალევე დაისაჯნენ. ჰარი კეინმა იმობილესგან განსხვავებით აღარ დაუშვა შეცდომა. ტაიმის ბოლო წუთზე კი თომას მიულერმაც გაიტანა და სტუმრებს გოლი გასახდელში გააყოლა. მეორე ნახევარში კეინმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
„ბაიერნის“ გარდა, მეოთხედფინალშია პსჟ-ც, რომელმაც „სოსიედადს“ ჯერ შინ მოუგო 2:0, ახლა სტუმრად 2:1. ლუის ენრიკეს გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და კილიან მბაპეს დუბლით ისევ 2:0 დაწინაურდა, ერთადერთი, რაც ესპანელებმა შეძლეს მიკელ მერინოს პრესტიჟის გოლი იყო, რასაც შედეგზე ზემოქმედება არ მოუხდენია.
„ბაიერნი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან, ხოლო „ლაციო“ და „სოსიედადი“ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს დაემშვიდობნენ.
„ბაიერნი“ - „ლაციო 3:0 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:1
გოლები: 1:0 კეინი (38), 2:0 მიულერი (45), 3:0 კეინი 66)
„სოსიედადი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 1:2 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:4
გოლები: 0:1 მბაპე (15), 0:2 მბაპე (56), 1:2 მერინო (89)