ფეხბურთი

2:46 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "კვარა ამ გუნდისთვის ფუნდამენტურია, თითქმის დაუბრუნდა თავის დონეს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „იუვენტუსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზეც გააკეთა. როგორც აღნიშნა, ისინი თავის დონეს თითქმის დაუბრუნდნენ.

„კვარაცხელია და ოსიმენი უძლიერესი ფეხბურთელები არიან, ამ გუნდისთვის ფუნდამენტური. მათ სირთულეები ჰქონდათ, მაგრამ ახლა თავის დონეს თითქმის დაუბრუნდნენ. მინდა სხვებზეც ვისაუბრო, შეცვლაზე შესული ფეხბურთელები ძალიან გვეხმარებიან, ეს კარგის ნიშანია.

10 დღეში სასწაულები არ ხდება, დრო საჭიროა, რაც არ გვაქვს. ბიჭებს ვთხოვ, რომ სწრაფად გაითავისონ ყველაფერი, რასაც აკეთებენ. თუმცა, ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ.

კარგის ნიშანია, რომ ეს თამაში მოვიგეთ, ეს ნიშნავს, რომ ბიჭებს სურთ კარგ შედეგს მიაღწიონ, ბედნიერი ვარ გუნდის ნახვით, რომელსაც გაუმჯობესება სურს. თუ იმარჯვებ, უფრო მეტი სურვილი გაქვს, რომ კიდევ გაიმარჯვო. გამარჯვებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ში ისტორიაში პირველად მოახერხა საკუთარ მოედანზე „იუვენტუსის“ ზედიზედ 5-ჯერ დამარცხება. გარდა ამისა, სექტემბრის შემდეგ მიჯრით ორი მატჩი პირველად მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსს“ საწყის ორ საშინაო მატჩში გოლი გაუტანა მას შემდეგ, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან). „ნაპოლიმ“ „43 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 8 მარტს, „ტორინოს“ უმასპინძლებს. „იუვენტუსი“ 57 ქულით მეორე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ „მილანს“ მხოლოდ ქულით უსწრებს.

0.11026