ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალს“ დაუხვდა და ძალიან საინტერესო მატჩი 2:2 დასრულდა.
რუბენ ბარახას გუნდისთვის ყველაფერი დიდებულად მიდიოდა: 27-ე წუთზე უგო დურომ გახსნა ანგარიში, ხოლო 3 წუთში რომან იარემჩუკმა დანი კარვახალის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა გააორმაგა.
პირველი ტაიმის მეხუთე კომპენსირებულ წუთზე კარლო ანჩელოტის გუნდმა ჩამორჩენა ვინისიუსის გოლით შეამცირა და ბრძოლაში დაბრუნდა. 54-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა დიდებული მოგერიებით იხსნა „ვალენსია“, როცა ჯუდ ბელინგემი გოლთან ახლოს იყო.
მომენტების გარეშე არც „ვალენსია“ ყოფილა, თუმცა ვერ გამოიყენა. 76-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ბრაზილიელმა ორივე გოლი ემოციურად აღნიშნა, მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „მესტალიაზე“ მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.
მასპინძლებს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი მაგარი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ „რეალი“ ჯერ მეკარემ იხსნა, მერე გონსალესმა მცირედით არაზუსტად დაარტყა. დაძაბული და დრამატული მატჩი მაინც სკანდალურად დასრულდა: „რეალმა“ გაიტანა, ჯუდ ბელინგემმა შეაგდო, მაგრამ ბურთი, როდესაც ბრაჰიმ დიასის ჩაწოდების შემდეგ ჰაერში იყო, მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, ბელინგემის საგოლე დარტყმამდე 1 (!) წამით ადრე. გოლი გაუქმდა, რასაც დიდი პოლემიკა მოჰყვა და ფეხბურთელებმაც ერთმანეთში იჩხუბეს. მსაჯმა თამაშის დასრულების შემდეგ ჯუდ ბელინგემს წითელი ბარათიც უჩვენა.
გიორგი მამარდაშვილმა 3 დარტყმა მოიგერია, განსაკუთრებით ეფექტურად ბელინგემის წინააღმდეგ ითამაშა, გაშვებულ გოლებში კი ბრალი არ მიუძღვის. მიმდინარე სეზონში გიორგის 26 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.
„ვალენსია“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 მარტს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს. "რეალი" 66 ქულით ლიდერია, მაგრამ "ჟირონას" და "ბარსელონას" მასთან მიახლოების შანსი მიეცათ.
„ვალენსია“ – „რეალი“ 2:2 (2:1)
გოლები: 1:0 უგო დურო (27), 2:0 იარემჩუკი (30), 2:1 ვინისიუსი (45), 2:2 ვინისიუსი (76)