ფეხბურთი

0:25 | 29.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "გიჟი არ ვარ, რომ კვარაცხელიას კალიბრის ფეხბურთელზე უარი ვთქვა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „სასუოლოსთან“ მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა. მან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მათზე უარს არასდროს იტყვის.

„ვიქტორი თავის დონეზე ბრუნდება. არ იყო საუკეთესო კონდიციაში, რადგან, როგორც გასულ კვირაში ვთქვი, აფრიკის თასი ფეხბურთელებისთვის რთულია. კვარამაც მძიმე პერიოდი გამოიარა, მაგრამ დღეს აჩვენა, როგორი ფეხბურთელია.

ოსიმენს და კვარას სხვადასხვა მიზეზით გაუჭირდათ, მაგრამ მათ მუშაობა დაიწყეს. ისინი დიდი ფეხბურთელები არიან და არ ვარ გიჟი, რომ ამ კალიბრის მოთამაშეებზე უარი ვთქვა. სხვა საკითხია მათი შეცვლა, თუ ვატყობ, რომ ინტენსივობას ვკარგავთ“, - თქვა კალცონამ ტელეკომპანია DAZN-ის ეთერში.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა პრესკონფერენციაზეც:

"არასდროს ვიტყვი ამ ფეხბურთელებზე უარს, ფეხბურთელები, რომლებიც განსხვავებას ქმნიან, მოედანზე მჭირდება. შესაძლოა, მატჩის დროს გადავწყვიტო მათი შეცვლა, რათა მაღალი ინტენსივობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ნათელია, რომ ორი ასეთი ფეხბურთელის ყოლა ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ჯერ ისევ მეცხრე ადგილზეა, მაგრამ ევროზონასთან ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, შინ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.

0.112583