იტალიის სერია A-ში „ნაპოლიმ“ 21-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა ჩაატარა რეჯო ემილიაში „სასუოლოსთან“ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა საუკეთესო თამაში იყო.
ფრაჩესკო კალცონას გუნდისთვის ეს მატჩიც ცუდად დაიწყო, რადგან მე-17 წუთზე უროს რაჩიჩმა ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში, თუმცა, შემდეგ „ნაპოლის“ შეჩერება შეუძლებელი გახდა. ანგარიში მალევე ამირ რაჰმანიმ გაათანაბრა ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისას ფანტასტიკური პასით, ხოლო ორიოდე წუთში თითქმის იგივე კომბინაცია გოლით ვიქტორ ოსიმენმა დაასრულა. ნიგერიელმა პირველივე ტაიმში მეორედ გაიტანა და დუბლი გაიფორმა - 1:3.
ხვიჩა კვარაცხელიას ორჯერ შეეძლო გატანა შესვენებამდე: ჯერ 35-ე წუთზე ზუსტად მოედნის ცენტრიდან სცადა და ძალიან ცოტა დააკლდა შედევრამდე, ხოლო 45-ე წუთზე ახლო მანძილიდან მეკარემ აჯობა.
სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ხვიჩაც შეუჩერებელი გახდა და ცუდი სერია დაასრულა. კვარამ ჯერ მცველის შეცდომით ისარგებლა და საგოლე პასი გაუკეთა ოსიმენს, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ნიგერიელმა ქართველს ვალი 4 წუთში დაუბრუნდა, როცა ამჯერად ასისტენტი თვითონ იყო, მაგრამ გოლი მთლიანად კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელმაც ეფექტურად ითამაშა და სხვაობა ოთხამდე გაზარდა. 75-ე წუთზე კვარამ დუბლიც შეასრულა, როდესაც კუთხურის შემდეგ მისივე დაბლოკილ დარტყმას დაამატა. ამგვარად, „აძურიმ“ 6:1 მოიგო, ოსიმენის და კვარაცხელიას დუეტი კი, ძველებურად საშიში და დაუნდობელი იყო. ქართველმა კალცონას ხელმძღვანელობით შეუცვლელად პირველად ითამაშა. აღვნიშნოთ, რომ მან "სასუოლოს" გასულ სეზონშიც ორივე მატჩში გაუტანა, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში კი საგოლე პასი გააკეთა.
- ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური გოლი "სასუოლოსთან" (VIDEO)
- კვარაცხელიას პასი და ოსიმენის გოლი "სასუოლოსთან" (VIDEO)
- ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი "სასუოლოსთან" (VIDEO)
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლიმ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ჯერ ისევ მეცხრე ადგილზეა, მაგრამ ევროზონასთან ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, შინ ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.
„სასუოლო“ – „ნაპოლი“ 1:6 (1:3)
გოლები: 1:0 რაჩიჩი (17), 1:1 რაჰმანი (29), 1:2 ოსიმენი (31), 1:3 ოსიმენი (41), 1:4 ოსიმენი (47), 1:5 კვარაცხელია (51), 1:6 კვარაცხელია (75)