სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა საქართველოს ნაკრებთან (76:63) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა კალათბურთელებმა მეტოქის ლიდერები კარგად შეზღუდეს.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. თავს ორგანიზებულად ვიცავდით, ჩემმა მოთამაშეებმა შესანიშნავად იმუშავეს ტომასონის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე მეტოქის სხვა მნიშვნელოვანი კალათბურთელის, შენგელიას წინააღმდეგ. კონტრშეტევებზე 20 ქულა ავიღეთ, თუ დაცვაში კარგი ორგანიზაცია გაქვს, გუნდურად იცავ თავს და არა მხოლოდ ინდივიდუალურად, მაშინ კონტრშეტევის კარგი შანსი გაქვს. ზოგადად, ორივე თამაშით კმაყოფილი ვარ, რომელიც ჩავატარეთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკითხი ჩვენს ხელშია.
ჩვენ ფავორიტები ვართ და მზად უნდა ვიყოთ გამარჯვებისთვის ყველა მატჩში. ვფიქრობ, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი გვეხმარება უფრო მოტივირებული ვიყოთ ეს ორი გამარჯვებაც ყველასთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება“, - თქვა პეშიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის მერე ჯგუფში სერბეთი უდანაკარგოდ ლიდერია, დანიას და ფინეთს თითო მოგება/წაგება აქვთ, ხოლო საქართველო ჯერჯერობით, უქულოდ ბოლო ადგილზეა.
საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის მომდევნო ტურში 21 ნოემბერს, ფინეთს ესტუმრება, თუმცა, მანამდე ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა, სადაც ლატვიისა და ფილიპინების ნაკრებებს გაეჯიბრება.