კალათბურთი

14:42 | 26.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 19 და მამუკელაშვილის 14 წუთი NBA-ში

NBA-ში გოგა ბითაძე კარგა ხნის პაუზის შემდეგ სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა. ქართველმა ცენტრმა „ატლანტა ჰოუსის“ წინააღმდეგ პირველივე წუთიდან ითამაშა.

„ორლანდომ“ 92:109 წააგო, რითაც სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა, ხოლო ბითაძემ 19 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება დააგროვა. გოგამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი აცილა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 26 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „ბრუკლინს“ უმასპინძლებს.

„სან ანტონიო“ „იუტა ჯაზთან“ გასვლაზე 109:128 დამარცხდა. იანვრის შემდეგ პირველად მიეცა საკმაოდ ნორმალური სათამაშო დრო სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც პარკეტზე 14 წუთი გაატარა.

ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სანდრომ 5-დან 4 ორქულიანი ისროლა ზუსტად.

„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 47 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად 28 თებერვალს, „მინესოტასთან“ გამართავს.

0.117928