ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ კილიან მბაპე 99%-ით მადრიდის „რეალში“ გადავა.
მან არ იცის, გააფორმეს თუ არა მხარეებმა უკვე კონტრაქტი, მაგრამ პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში „სამეფო კლუბს“ შეუერთდება.
„ვიცი, რომ პსჟ-ს ტოვებს. „რეალში“ მბაპეს გადასვლის ალბათობას 99%-ით ვაფასებ, მაგრამ არ ვიცი, უკვე გაფორმებულია თუ არა მასთან კონტრაქტი. რა თქმა უნდა, ეს ტრანსფერი კარგი ამბავი იქნება, როგორც „რეალისთვის“, ისე მთლიანად ესპანური ფეხბურთისთვის. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ბელინგემი, ჰოლანდი და მბაპე პლანეტის სამი საუკეთესო ფეხბურთელია, მათგან ორი კი „რეალში“ ითამაშებს“, - თქვა ტებასმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ „რეალთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. კილიანს პსჟ-სთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.