ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი გაირკვა.
დონეცკის „შახტარი“ „მარსელს“ „ველოდრომზე“ ესტუმრა საშინაო 2:2-ის შემდეგ და სწრაფადვე დაწინაურდა, მაგრამ მერე 3 უპასუხო გოლი გაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა. ფრანგებმა თამაში 3:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში 5:3 მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ. ირაკლი აზაროვმა 82-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო სკამზე დარჩა.
ევროპა ლიგას დაემშვიდობა სტამბოლის „გალათასარაი“, რომელმაც შინ პრაღის „სპარტას“ ერთი კვირის წინ 3:2 აჯობა, მაგრამ ჩეხებმა დღეს შინ 4:1 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე ბევრისთვის მოულოდნელად „სპარტა“ გავიდა. პრაღაში მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის მოედანზე ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა და ნამდვილი ქაოსი იყო.
ლისაბონის „სპორტინგმა“ შინ ბერნის „იანგ ბოიზს“ ვერ მოუგო (1:1), მაგრამ სტუმრად ჰქონდა ორბურთიანი უპირატესობით მოგებული და მომდევნო ეტაპზე გასვლა ადვილად მოახერხა.
ყველაზე დრამატული "რომას" და "ფეიენოორდის" დუელი გამოდგა, სადაც ორჯერვე ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 1:1, 1:1. ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, რომელიც იტალიელებმა 4:2 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. "რომას" გმირი მეკარე მილე სვილარი გამოდგა, რომელმაც ორი პენალტი ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოიგერია.
ამრიგად, ევროპა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვეს: „სპარტა“ (ჩეხეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ფრაიბურგი“ (გერმანია), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „მილანი“ (იტალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), "რომა" (იტალია).
ეს 8 გუნდი შეუერთდა შემდეგ 8 გუნდს, რომლებმაც მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპიდან ავტომატურად მოიპოვეს: „ვესტ ჰემი“ (ინგლისი), „ბრაიტონი“ (ინგლისი), „რეინჯერსი“ (შოტლანდია), „ატალანტა“ (იტალია), „ლივერპული“ (ინგლისი), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „სლავია“ (ჩეხეთი), „ლევერკუზენი“ (გერმანია).
ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.