ტაჯიკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა. ინფორმაცია ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
შეყილაძემ პეტარ სეგრტი შეცვალა, რომელმაც აზიის თასის შემდეგ თანამდებობა დატოვა. გელა ტაჯიკეთის ნაკრებში მანამდე სეგრტის ასისტენტი იყო, თუმცა, ამიერიდან მთავარი მწვრთნელი იქნება. სამაგიეროდ, მისი ასისტენტი იქნება თამაზ ბოკერია, რომელიც მანამდეც მუშაობდა ტაჯიკეთის ნაკრებში.
გელა შეყილაძეს საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. ის თავის დროზე „დინამო ბათუმის“, „ლიერსის“, „როზელარეს“, კიევის „არსენალის“ და კიევის ცსკა-ს ღირსებას იცავდა. 53 წლის სპეციალისტი ასევე მუშაობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის, 21-წლამდელებში პეტარ სეგრტის თანაშემწედ, რომელთანაც ერთად მუშაობა შემდეგ ავღანეთის, მალდივისა და ტაჯიკეთის ნაკრებებში გააგრძელა.
ტაჯიკეთის ნაკრებმა აზიის თასზე ისტორიული შედეგი აჩვენა და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ იორდანიასთან 0:1 დამარცხდა.