„ნაპოლიმ“ ვალტერ მაძარი დაითხოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. იტალიელ სპეციალისტს ფრანჩესკო კალცონა შეცვლის, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
კალცონა „ნაპოლის“ პარალელურად სლოვაკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც იმუშავებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოამზადოს. მას დებიუტი 21 თებერვალს, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შედგება.
„მადლობა ვალტერ მაძარის, დე ლაურენტისის ოჯახის და „ნაპოლის“ მეგობარს, რთულ მომენტში გუნდის მხარდაჭერისთვის. ნეაპოლელების და ჩვენი ოჯახის გულში დარჩება. კეთილი იყოს ფრანჩესკო კალცონას დაბრუნება, რომელიც ჩვენთან მუშაობდა როგორც სარის, ისე სპალეტის პერიოდში“, - დაწერა სოციალურ ქსელში დე ლაურენტისმა.
ვალტერ მაძარი „ნაპოლიში“ ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში მუშაობდა, ხოლო გუნდს გასული წლის ნოემბერში დაუბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით „აძურიმ“ 6 მატჩი მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 8 მარცხი განიცადა. „ნაპოლიმ“ სერია A-ში 12 მატჩში მხოლოდ 15 ქულა დააგროვა მაძარის თაოსნობით, იტალიის თასს „ფროზინონესთან“ შინ წაგებით (0:4) გამოეთიშა, ხოლო იტალიის სუპერთასის ფინალში გავიდა, მაგრამ „ინტერთან“ წააგო.
ფრანჩესკო კალცონა სლოვაკეთის ნაკრებს 2022 წლიდან ავარჯიშებს. მანამდე ის მწვრთნელის ასისტენტი იყო „პერუჯაში“, „ალესანდრიაში“, „სორენტოში“, „ემპოლიში“ და „კალიარიში“. ფრანჩესკო კარგად იცნობს „ნაპოლის“, სადაც 2015-2018 წლებში მაურიციო სარის, ხოლო 2021-2022 წლებში ლუჩანო სპალეტის ასისტენტი იყო.