ფეხბურთი

16:28 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი: “მხოლოდ საკუთარ საჯარიმოსთან დგომას და თავის დაცვას არ ვაპირებთ”

პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც სახელი დორტმუნდის “ბორუსიაში” თამაშით გაითქვა, ხოლო ამჟამად მიუნხენის “ბაიერნში” გამოდის, ევრო-2016-ის შესარჩევში, გერმანელებთან გასამართ მატჩს განსაკუთრებულად არ მიიჩნევს.

“იქნება თუ არა ჩემთვის მომავალი მატჩი განსაკუთრებული? ალბათ, განსაკუთრებული არა, უბრალოდ – მორიგი. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობას ვიცნობ. ზოგიერთის გვერდით “დორტმუნდში” მითამაშია, მათ უმეტეს ნაწილთან ერთად ახლა “ბაიერნში” გამოვდივარ. რა თქმა უნდა, მომავალი დაპირისპირების თაობაზე ვხუმრობდით. მათ ხუმრობით მითხრეს, რომ ვარშავაში ფრეს სიხარულით დასთანხდებიან” – განაცხადა 26 წლის ლევანდოვსკიმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

ლევანდოვსკი გერმანელთა კარის დარაჯ მანუელ ნოიერთან დაპირისპირებასაც შეეხო:

“მანუელის წინააღმდეგ ნათამაშები ბევრი მატჩისგან კარგი მოგონება დამრჩა. კარგად მახსოვს, რომ ბუნდესლიგაში პირველი გოლი “შალკეს” გავუტანე, რომლის კარსაც ის იცავდა. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გერმანულ ტელევიზიას ინტერვიუ მივეცი და მომავალი თამაშის შესახებ ბევრი მკითხეს. ეს პოლონეთი-გერმანიის დაპირისპირებაა და გამეხარდება თუ გოლს ჩემი რომელიმე პარტნიორი გაიტანს. აუცილებელი არაა, რომ ნოიერის კარი მე ავიღო”.

გერმანიის სუსტ წერტილებზე საუბრისას, პოლონელმა თავდამსხმელმა ივარაუდა, რომ შესაძლოა მეტოქე მოედანზე თავდაჯერებული გამოვიდეს და მასპინძლებმა ამით ისარგებლონ:

“იქნებ, ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ზედმეტად თავდაჯერებულნი იქნებიან? იქნებ, გერმანელები მოედანზე ძალიან მოდუნებულნი გავიდნენ და ამით ვისარგებლებთ? ამის დიდი იმედი მაქვს. მოწინააღმდეგის ძალა კარგად ვიცით, მაგრამ მხოლოდ საკუთარ საჯარიმოსთან დგომას და თავის დაცვას არ ვაპირებთ”.

ლევანდოვკის აზრით, მისი საქმე არაა მეტოქე გუნდების ფეხბურთელების შესაძლებლობების შეფასება და ამისთვის სამწვრთნელო შტაბი არსებობს:

“პოლონეთის ნაკრებში სამწვრთნელო შტაბია, რომელიც ჩვენს მეტოქეებს ზედმიწევნით სწავლობს და სუსტ წერტილებს ეძებს. ამიტომ, უკეთესია გვერდით გადგე და საკუთარი საქმე აკეთო. რა თქმა უნდა, თუ ვიგრძნობ, რომ რამის შეხსენებაა საჭირო, ასეც მოვიქცევი. პოლონეთის ნაკრებში ვთამაშობ და გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო”.

0.11391