ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალში იასპარეზებს ილია სულამანიძე.
100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძემ ფინალამდე თურქმენი ბაიმარატ მაიანოვი, რუმინელი ეშლი გონსალესი, ყაზახი ისლამ ბოჟბაიევი და რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა, ხოლო ფინალში პოლონელ პიოტრ კუჩერას გაეჯიბრება.
ამავე წონაში ონისე სანებლიძე გამოდიოდა, რომელმაც კანადელ შადი ელნაჰასს აჯობა, მაგრამ შემდეგ მუხამედ-ალი მატაევთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
90 კგ წონით კატეგორიაში ბაქარ ერაშვილმა აზერბაიჯანელ ელიან ჰაიჯიევთან წააგო პირველივე წრეში, ხოლო მიხეილ ჯაფარიძემ ტაჯიკ სომონი კიშვაროვთან გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ მასპინძელ მურად ფატიევთან დაემშვიდობა გრანდ სლემს.
+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადა სამხრეთკორეელ ვოოიეოკ სონთან, ხოლო ამავე წონაში შალვა გურეშიძე საწყის სტადიაზე იტალიელ კვაჯო ანანისთან ვერაფერს გახდა.
ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა სასტარტო შეხვედრა დათმო გერმანელ რენე ლუხტთან და მედლისთვის ვერ იბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.