„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში შინ „ჯენოას“ ვერ მოუგო (1:1). ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, რიგ მომენტებში აქტიურიც იყო, მაგრამ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:
Calcionapoli1926 6.5 ქულა: „თავიდანვე სახიფათო იყო და პირველ ტაიმში „ნაპოლის“ მხრიდან ერთადერთი გახლდათ, ვინც ხიფათს ქმნიდა. მთელი მატჩი ერთი 11-ის წინააღმდეგ თამაშობდა. მატჩის ბოლოსაც ერთადერთი იყო, ვისაც გათანაბრება შეეძლო“.
Tuttomercatoweb 6 ქულა: „კვარაცხელიას ჩვეულებრივი თამაში. ბურთს ბევრჯერ შეეხო, რამდენიმე დრიბლინგი, ბევრი უხეში ჯარიმა მის წინააღმდეგ, მსაჯთან რამდენიმე შეკამათება, ორი დარტყმა კარში, რომლებიც მარტინესმა მოიგერია. მოკლედ ისაა, ვინც ცდილობდა მეტოქისთვის ზიანი მიეყენებინა. თუმცა, თუ გუნდი არ ფუნქციონირებს, ცოტა რამის გაკეთებაა შესაძლებელი“.
Tuttonapoli 6 ქულა: „სტარტზე შესანიშნავად იმოქმედა, მაგრამ ვერ მოახერხა კუთხეში დარტყმა. ყოველთვის ცდილობდა დრიბლინგს და ხშირად გამოსდიოდა. ყველანაირად ცდილობდა ხიფათის შექმნას“.
Eurosport 5 ქულა: „თითქმის ოქროს ბურთის ვერსია კვარაცხელია შორეული მოგონებაა. იზოლირებული, ორმაგი მეურვეობით, განერვიულებული. ყოველთვის თავდახრილი უტევს მეტოქეს, ასევე იმიტომ, რომ „ნაპოლის“ შეტევა მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ რეალურად საგოლე ზონას ვერ მიაღწია“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში.
„ნაპოლი“ 36 ქულით მხოლოდ მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს „ტორინოსთან“ ერთად, მომდევნო ტურში კი 25 თებერვალს, „კალიარის“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შინ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.