ფეხბურთი

21:12 | 14.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა, მაგრამ ეს ძალიან რთულია"

ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამის გაკეთება ძალიან რთულია, რაზეც „მანჩესტერ სიტის“ მაგალითიც მეტყველებს.

„გულწრფელად მაქვს ერთი ოცნება: ჩემპიონთა ლიგის მოგება მწვრთნელის რანგში. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, ხალხი ფიქრობს, რომ ადვილია, მაგრამ უნდა მოძებნო შესაბამისი კლუბი, რომელსაც აქვს ამბიციები, არის მზად ბოლო ნაბიჯის გადასადგმელად. საკმარისია შევხედოთ „სიტის“, თუ რამდენი ხანი ქმნიდნენ ამ კლუბში საფუძველს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. 7 წელი, არა?

მინდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებით მამაჩემი გავახარო, რადგან ერთხელ მითხრა, რომ სურს ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში მნახოს. ადვილი არაა, მაგრამ ეს ოცნება ყველას აქვს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ამჟამად უმუშევარია. მას ჩემპიონთა ლიგა 1996 წელს ფეხბურთელის რანგში „იუვენტუსში“ აქვს მოგებული.

0.118752