მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 2023 წლის ევროპის საუკეთესო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავედ ლერი აბულაძე დაასახელა. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ნაკრების ლიდერმა შარშან ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა - გახდა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი.
ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი აბულაძისთვის წარუმატებელი გამოდგა - მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ევროკვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მესამედ ასვლის შემთხვევაში ლერი აბულაძე აბსოლუტური რეკორდსმენი ხდებოდა - საქართველოს სახელით ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი სამჯერ ჯერ არავინ გამხდარა.
რუმინეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატი 12 თებერვალს დაიწყო და ჯერ კონკურენციაში მხოლოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ. დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში შეივსო საპრიზო სამეულები. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კი ერთი, იური ლომაძის (77 კგ) ბრინჯაოს მედალია.
14 თებერვალს, ასევე ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ).