„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ამჟამად „ინტერში“ მუშაობს, განაცხადა, რომ 2018 წელს კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგი იყო.
თუმცა, მან უარყო ინფორმაცია, რომ „იუვედან“ სწორედ პორტუგალიელის გამო წავიდა.
„სამართლიანი იყო კლუბის სურვილების პატივისცემა. ნაწილობრივ არ ვეთანხმებოდი რონალდუს ტრანსფერს. ფეხბურთელის დონეზე საუბარი არ არის, მაგრამ გარიგება ფინანსურად რთული იყო. მაგრამ ეს არ იყო ელემენტი, რის გამოც გუნდიდან წავედი, უბრალოდ ციკლი დასრულდა და მათ სხვა გზა აირჩიეს”, - თქვა მაროტამ.
შეგახსენებთ, ჯუზეპე მაროტა „იუვენტუსის“ გენერალურ დირექტორად 2010-2018 წლებში მუშაობდა და გუნდი რონალდუს ტრანსფერიდან რამდენიმე თვეში დატოვა. 2019 წლიდან ის „ინტერში“ მუშაობს. საინტერესოა, რომ ტურინული გრანდის რეგრესი მის წასვლას დაემთხვა, ხოლო მილანელთა პროგრესი მის მისვლას...
აღსანიშნავია, რომ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, „იუვენტუსის“ მფლობელი ჯონ ელკანი მაროტას დაბრუნებას აპირებს და დიდი შანსია დამდეგ ზაფხულს ეს გარიგება შედგეს.