აზიის თასის პირველი ფინალისტი იორდანიის ნაკრებია, რომელმაც ფავორიტი სამხრეთ კორეა ადვილად და დამსახურებულად დაამარცხა.
ჰუსეინ ამუტას გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში სჯობდა მეტოქეს და შედეგიც ლოგიკურია. 53-ე წუთზე ანგარიში იაზან ალ ნაიმატმა გახსნა, ხოლო ცოტა ხანში მუსა ალ-ტამარიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სხვათა შორის, ეს ნაკრებები ჯგუფშიც შეხვდნენ და კორეელებმა მაშინაც ვერ მოიგეს (2:2). ასე რომ, იურგენ კლინსმანის გუნდს მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს, ხოლო იორდანია აზიის თასის ფინალში ირანსა და კატარს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალური მატჩი 10 თებერვალს გაიმართება.