ფეხბურთი

20:09 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი გოლი 2024 წელს: ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მოაგებინა

სერია A-ს 23-ე ტურში „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიამ მოაგებინა, დიდებული გოლით, თავის სტილში, რომელსაც არაფერი აკლდა.

ვალტერ მაძარის გუნდს აუტსაიდერ „ვერონასთან“ ძალიან გაუჭირდა, ახლოს იყო მორიგი ქულები დაეკარგა, რომ არა ქართველი ფეხბურთელი. ხვიჩა თავიდანვე აქტიურობდა და საწყის 15 წუთში ორჯერ ულამაზეს გოლამდე ძალიან, ძალიან მცირედი დააკლდა. ხვიჩას ორჯერვე მეკარემ აჯობა, რომელიც დიდებულად გაისარჯა.

მერე ნეაპოლელებმა ტემპი დაადგეს, კვარას გარდა, ვერავინ ამწვავებდა თამაშს, ხოლო 71-ე წუთზე დიეგო კოპოლამ სულაც „ვერონა“ დააწინაურა - 0:1. ეს უკვე კატასტროფა იყო.

თუმცა, 8 წუთში სირილ ნგონგემ, რომელიც ორიოდ კვირის წინ „ნაპოლიმ“ სწორედ „ვერონადან“ შეიძინა, ანგარიში გაათანაბრა. მალევე კვარაცხელიამ ფლანგზე იაქტიურა და ჯოვანი სიმეონე დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ არგენტინელმა ვერ ივარგა.

სამაგიეროდ, ხვიჩამ თავად გადაწყვიტა ყველაფერი, როცა 87-ე წუთზე შორი მანძილიდან დიდებულად და უკნაკლოდ დაარტყა, ჩვეულ სტილში - 2:1. ეს გამარჯვების და 2024 წელს პირველი გოლი იყო მისთვის.

სხვათა შორის, „ვერონას“ მიმდინარე სეზონში მესამედ გაუტანა, სულ კი, სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი. გავიხსენოთ, რომ იტალიურ კარიერაში სადებიუტო გოლიც „ვერონას“ გაუტანა... მიმდინარე სეზონში მას 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „მილანს“ სტუმრად შეხვდება.

„ნაპოლი“ – „ვერონა“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 კოპოლა (71), 1:1 ნგონგე (79), 2:1 კვარაცხელია (87)

0.119956