აფრიკის თასზე მასპინძელი კოტ დივუარის ნაკრები ნახევარფინალშია. სენეგალის შემდეგ ემერს ფაეს გუნდმა მალი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
არადა, მალის ნაკრებს ყველაფერი ჰქონდა მოსაგებად: მე-16 წუთზე მალელმა ადამა ტრაორემ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო 43-ე წუთზე კოტ დივუარს კოსუნუ გაუძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
მალის ნაკრები დორგელეს ნენეს გოლით 71-ე წუთზე დაწინაურდა, მეტოქეც კაცნაკლული ჰყავდა და თითქოს, ეს გამარჯვების საწინდარი იყო, მაგრამ არა: 90-ე წუთზე მოედანზე 4 წუთის შესულმა სიმონ ადინგრამ გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
იქ კი, როცა ყველა პენალტების სერიას ელოდა, 122-ე წუთზე უმარ დიაკიტემ გამარჯვების გოლი გაიტანა და კოტ დივუარი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
კოტ დივუარის ნაკრები ნახევარფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება.