ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში „ვალენსიამ“ „ალმერიას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, რითაც მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
რუბენ ბარახას გუნდი უგო დუროს და რომან იარემჩუკის გოლებით 23-ე წუთისთვის უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა. გიორგი მამარდაშვილს კარის მშრალად შენახვა არ გამოუვიდა, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში სერხიო არიბასმა გაუტანა, თუმცა დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
მამარდაშვილმა 4 სეივი მიითვალა და გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 27 გოლი აქვს გაშვებული, კარი კი მშრალად შვიდჯერ შეინახა.
„ვალენსია“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ევროზონასთან ახლოსაა, ხოლო მომდევნო ტურში 10 თებერვალს, „ლას პალმასს“ უმასპინძლებს.