ჩოგბურთი

16:42 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქამბექი 0:2-დან: ავსტრალიის ღია პირველობა იანიკ სინერმა მოიგო

იანიკ სინერმა დრამატულ ფინალში დანიილ მედვედევი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო!

ნახევარფინალში მედვედევმა ალექსანდერ ზვერევს 0:2-დან აჯობა, მაგრამ ამჯერად ბედისწერით ყველაფერი პირიქით მოხდა: 2:0-დან წააგო.

საწყის ორ სეტში რუსი ჩოგბურთელი უკეთ გამოიყურებოდა, სინერი ნერვიულობდა და ბევრ შეცდომასაც უშვებდა. შედეგად, მედვედევი 6:3, 6:3 მოგებული სეტებით დაწინაურდა და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს მივიდა. თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა.

ამის შემდეგ კორტზე სახეცვლილი სინერი ვიხილეთ, რომელიც უფრო კონცენტრირებული და ზუსტი იყო. მესამე-მეოთხე სეტებს აბსოლუტურად იდენტური სცენარი ჰქონდა. 9 გეიმის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი თავიანთ ჩაწოდებებზე უშეცდომო იყვნენ, მაგრამ მე-10 გეიმში სინერმა ორივე სეტში ბრეიკი გაახერხა და ერთნაირად მოიგო - 6:4, 6:4.

ამრიგად, გადამწყვეტი მეხუთე სეტი დაინიშნა, რომელშიც სინერს ასევე ერთი ბრეიკი ეყო სეტის მოსაგებად, შესაბამისად საჩემპიონოდ - 3:6, 3:6, 6:4, 6:4, 6:3.

ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. სინერს 14 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მედვედევს 11 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა.

იანიკ სინერმა კარიერაში პირველად არათუ ავსტრალიის ღია პირველობა, არამედ დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ზოგადად, სინერი მე-5 იტალიელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო ნიკოლა პიეტრანჯელის, ადრიანო პანატას, ფრანჩესკა სკიავონესა და ფლავია პენეტას შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.140661