ფეხბურთი

16:31 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

Toro.it: "ახლა საბა საზონოვის დროა"

ტურინულმა გამოცემა Toro.it-მა, რომელიც მხოლოდ „ტორინოს“ შესახებ ავრცელებს ცნობებს, წერილი საბა საზონოვის შესახებ გამოაქვეყნა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახლა საბა საზონოვის დრო მოვიდა, რომელიც მოთმინებით ელოდა თავის მომენტს:

„საბა საზონოვი - შრომისმოყვარეობის და საკუთარ მომენტის ლოდინის განმარტებაა. „კალიარის“ წინააღმდეგ 78-ე წუთზე სანაბრიას ნაცვლად ჩაერთო თამაშში. მისი მოედანზე შესვლა დადებითზე მეტი იყო, უშიშრად, ბევრი გადამრჩენელი მოქმედებით, მათ შორის ბოლო წუთზე კუთხურის დროს. შემდეგ მან გუნდთან ერთად იზეიმა გამარჯვება. იურიჩი მას ნელ-ნელა ათამაშებს, უფრო და უფრო მეტს, მაგრამ ახლა მისი დროა.

იურიჩი საზონოვს სამკაციანი დაცვის ცენტრში ხედავს, თუმცა მას მარჯვნივაც შეუძლია თამაში. გუშინ, 83-ე წუთზე ბონჯორნო გააფრთხილეს და „სალერნიტანასთან“ მატჩს გამოტოვებს. გარდა ამისა, მან მხრის დაზიანებაც მიიღო. მატჩის მერე იურიჩმა ამაზე თქვა: „ბონჯორნომ მოედანი მხრის ტკივილით დატოვა, ხვალ დილას უნდა დაველოდოთ, მაგრამ ალბათ დიდი ხნით დავკარგავთ“.

საზონოვი ხანგრძლივი ინტეგრაციის შემდეგ მზად არის. ბონჯორნოს ბუნებრივი შემცვლელი სწორედ ისაა. ბოლო სამ მატჩში მოედანზე ყოველთვის გადიოდა, გუშინაც, როცა შეხვედრაში გადაწყვეტილი არაფერი იყო. იურიჩი აფასებს მის შრომას, მაგრამ დიდი კონკურენციაა და დრო სჭირდება სქემებში გარკვევას.

ფეხბურთელი თავდაჯერებულია. საზონოვმა მატჩის შემდეგ ისაუბრა: „ჩვენ ძლიერი მცველები გვყავს, ძალიან ძლიერი. ეს კონკურენცია ჩემთვის კარგია, რადგან ახალგაზრდა ვარ და ახლა შანსი მექნება „სალერნიტანასთან“ ვითამაშო. ბონჯორნოს არყოფნა შეიძლება ჩემი შანსი იყოს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან მეორედ ვიქნებით ძირითად შემადგენლობაში“.

შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ალესანდრო ბონჯორნო გამოტოვებს, რომელიც საზონოვის კონკურენტია და შეიძლება ქართველი ძირითადში ვიხილოთ. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.116706