ფეხბურთი

1:07 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "ნაპოლი" დაამარცხა და იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სკუდეტოს შემდეგ მეორე ტიტული ვერ მოიგო. ვალტერ მაძარის გუნდი იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან“ 0:1 დამარცხდა.

მე-60 წუთამდე ბრძოლა შეიძლება ითქვას თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში „ნერაძური“ დიდ უპირატესობას ფლობდა. ამას აქვს მიზეზი - ჯოვანი სიმეონე გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში ნეაპოლელები მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაუშვეს და წააგეს. გამარჯვების გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.

„ინტერმა“ ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მერვედ მოიგო იტალიის სუპერთასი. ამ მხრივ მილანური გუნდი მხოლოდ „იუვენტუსს“ ჩამორჩება, რომელსაც 9-ჯერ აქვს ეს ჯილდო მოგებული. სიმონე ინძაგიმ მწვრთნელის რანგში მეხუთედ მოიგო სუპერთასი, რითაც რეკორდსმენი გახდა - მან მარჩელო ლიპის და ფაბიო კაპელოს გადაასწრო, რომლებსაც სუპერთასი ოთხ-ოთხჯერ მოუგიათ.

ხვიჩა კვარაცხელიამ 71-ე წუთამდე ითამაშა. „ნაპოლის“ რიგებიდან ყველაზე კარგი მომენტი მას ჰქონდა, როდესაც 51-ე წუთზე შორეულ კუთხეში კარგად დაარტყა, მაგრამ იან ზომერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. ნიშანდობლივია, რომ სუპერთასის ორივე შეხვედრაში მაძარიმ კვარას ბოლომდე თამაშის შესაძლებლობა არ მისცა და ორჯერვე საკმაოდ ადრე შეცვალა...

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 28 იანვარს, სერია A-ში „ლაციოსთან“ ჩაატარებს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გავა.

0.101754