„მილანის“ მეკარეს, მაიკ მენიოს „უდინეზეს“ გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.
აღნიშნული მატჩის პირველ ტაიმში ფრანგმა თამაშზე უარი თქვა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. შეხვედრის შემდეგ მენიომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა:
„ბურთთან პირველი შეხების დროს გავიგე, რომ მაიმუნს მეძახდნენ, მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე ისევ იგივე გაგრძელდა და სათადარიგო სკამიდან დახმარება ვითხოვე, მერე ვთქვი, რომ ასე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ეს პირველი შემთხვევა არაა, მეც და სხვა ფეხბურთელებსაც მოსვლიათ. ეს არის ის, რაც უნდა ითქვას. გულშემატკივარი სტადიონზე თავისი გუნდის გასამხნევებლად მოდის, შეიძლება სტვენაც, მაგრამ ასეთი რამ ფეხბურთში არ უნდა მოხდეს. საუბარი საკმარისი არ არის, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს, მძიმე გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ“, - თქვა მენიომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „უდინეზე“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.