რაგბი

19:10 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე გამოსვლა "კლერმონთან" მარცხით დაასრულა

ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა და მარცხი განიცადა.

თბილისში, „მიხეილ მესხზე“ თითქმის 18 000 გულშემატკივარი მივიდა, თუმცა, მხარდაჭერის მიუხედავად ქართულმა გუნდმა ფრანგულ „კლერმონს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 3:36.

მთელი თამაშის განმავლობაში კლასში სხვაობა იგრძნობოდა და ანგარიშიც ლოგიკურია. ლუკა მატკავას ჯარიმის გარდა, „შავმა ლომმა“ მეტოქეს ვერაფერი დააკლო. აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში, როცა მეტოქე ფრანგული ჰყავდა, ერთი ლელოც ვერ მიითვალა.

საბოლოოდ, „შავი ლომი“ მისთვის სადებიუტო ჩელენჯ თასზე 1 მოგებით და 3 წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ქართველმა მორაგბეებმა „გლოსტერთან“, „კასტრთან“ და „კლერმონთან“ წააგეს, ხოლო სტუმრად უელსური „სკარლეტის“ დამარცხება მოახერხეს და ჯგუფშიც მხოლოდ მას აჯობეს.

"შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის რანგში ეს იყო ბოლო მატჩი ლევან მაისაშვილისთვის, ამიერიდან გუნდს რიჩარდ კოკერილი უხელმძღვანელებს.

„შავი ლომი“ – „კლერმონი“ 3:36 (3:17)

0.114573