ფეხბურთი

19:01 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლური გამოცემა: "კვარას ეს ემოცია ყველაზე კარგად ასახავს მის სულიერ მდგომარეობას"

ნეაპოლური გამოცემა Area Napoli „სალერნიტანასთან“ მატჩში ამირ რაჰმანის გამარჯვების გოლზე ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას გამოეხმაურა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაეცა და თანაგუნდელის გოლი განსაკუთრებით ემოციურად იზეიმა. როგორც ხსენებული ვებგვერდი წერს, ეს სცენა ყველაზე კარგად ასახავს კვარას სულიერ მდგომარეობას:

„ხვიჩა კვარაცხელია, მისი თამაშები და იმ კონტრაქტის განახლება, რომელიც მოსალოდნელია, უკვე დიდი ხანია განიხილება. ფეხბურთელი ამჟამად იღებს ხელფასს "მხოლოდ" 1.2 მილიონ ევროს სეზონში, რაც ობიექტურად ცოტაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის მის პოზიციაზე. მაგრამ კვარაცხელია „ნაპოლის“ პროექტში სრულად არის ჩართული. ის ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის, საუკეთესო ემოციებიდან უარყოფითამდე და გულშემატკივრებივით იტანჯება ამ სეზონში მიღწეული იმედგაცრუებული შედეგებისთვის.

არის სცენა, რომელიც შესაძლოა, კვარას სულიერ მდგომარეობას ბევრ სიტყვაზე უკეთ ასახავს. საუბარია თავდამსხმელის რეაქციაზე „სალერნიტანასთან“ მატჩში რაჰმანის გოლის შემდეგ. ქართველი დაქანცული, მაგრამ ბედნიერი მიწაზე ეცემა: ხელების გაშლით ხარობს. ხვიჩამ იცის, რომ ეს გოლი გადამწყვეტი იქნება და რომ მისმა „ნაპოლიმ“ სეზონისთვის საკვანძო მატჩი მოიგო, რათა კრიზისი ცოტათი უკან დახიოს.

კვარას პრობლემა არასოდეს ყოფილა ეკონომიკური. ქართველი, რა თქმა უნდა, კანონიერად ითხოვს ხელფასის გაზრდას, მაგრამ არა სიხარბის გამო. მას სურს სწორად დაფასება. ის ითხოვს, რომ აღიარონ მხოლოდ იმით, რაც მან მოედანზე აჩვენა... ვინმე მისნაირი ყოველთვის იტყოდა უარს არაბეთზე, რადგან მისნაირისთვის ფული არასოდეს ყოფილა რეალური მიზანი“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 5 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ ამ დროისთვის 31 ქულით მეექვსე ადგილზეა, 18 იანვარს კი, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება. კვარაცხელია 28 იანვარს, სერია A-ს უახლოეს მატჩს „ლაციოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

0.115991