„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდური სულისკვეთება მოეწონა და გამარჯვება დაიმსახურეს.
„ეს იყო გუნდური გამარჯვება. დღეს ისევ დავინახე ბიჭების სწორი სულისკვეთება, შეკრება მნიშვნელოვანი იყო თამაშის დასაბრუნებლად. რთული მატჩი იყო, „სალერნიტანა“ კარგად იცავდა თავს და კონტრშეტევებზე გადადიოდა. მიუხედავად ამისა, ვაკონტროლებდით მატჩს. არ გაგვიმართლა და პირველივე შეტევაზე გოლი გავუშვით, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და მთლიანობაში დამსახურებული გამარჯვება იყო.
ყველამ წვლილი შეიტანა ამ მოგებაში, რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო, მომენტების გამოყენების პრობლემა გვაქვს და ეს უნდა გავაუმჯობესოთ. ჩვენთვის ფუნდამენტური იყო სამი ქულის მოპოვება ასეთ დელიკატურ მომენტში, ახლა კი სუპერთასზე ვიფიქრებთ“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ამ დროისთვის 31 ქულით მეექვსე ადგილზეა, 18 იანვარს კი, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება. კვარაცხელია 28 იანვარს, სერია A-ს უახლოეს მატჩს „ლაციოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.